212 მარგალიტით, 1998 ბრილიანტით და 992 ვარდისფერი ბრილიანტით მორთული დიადემა, 2634 ბრილიანტით შემკული დეკორატიული ბაფთა, 24 ცეილონის საფირონით და 1083 ბრილიანტით მორთული დიადემა და ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები, ყელსაბამი 32 ზურმუხტით და რომბის ფორმის 1138 ბრილიანტით - მონარქების და ნაპოლეონის კოლექციის 9 ექსპონატი ლუვრიდან 7 წუთში გაქრა.
მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში ტექნიკური თანამშრომლის უნიფორმაში ჩაცმული ორი პირი მობილური ამწეს დახმარებით შეიჭრა. მძარცველებმა ფანჯარა ჩატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს.
ოპერაციის დროს დამნაშავეებს კიდევ ორი შენიღბული პირი სენასთან, სკუტერებში ელოდებოდა. ჯგუფმა შენობაში შესაღწევად ფასადის ის ნაწილი აარჩია, რომელიც მდინარის პირდაპირ მდებარეობს და სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს.
"აპოლონის" გალერეიდან, მძარცველებმა, სულ 9 ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატი გაიტანეს. ნაძარცვს შორისაა ნაპოლეონ ბონაპარტის და მისი მეუღლის კუთვნილი სამკაულები და საიმპერატორო ატრიბუტები. დეტექტივებმა, ერთ ექსპონატს, ძვირფასი ქვებით მორთულ გვირგვინს მალევე მიაგნეს, სავარაუდოდ მძარცველებს ის მუზეუმის მიმდებარედ დაუვარდათ.
უკვე მეორე დღეა საფრანგეთის ეროვნული პოლიციის მთავარი დეპარტამენტის 60 გამომძიებელი ცდილობს დაადგინოს, მოასწრეს თუ არა მძარცველებმა უნიკალური ნივთების გადადნობა. პარიზის პროკურატურის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა ლუვრმა ისტორიული მემკვიდრეობის ნივთები მომდევნო დღეებში დაიბრუნოს.
მუზეუმის გალერეაში ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დანაშაულის შესახებ საუბრობს საფრანგეთის კულტურის მინისტრი. რაშიდა დათი არ გამორიცხავს, რომ ქურდები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ძარცვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ექსპონატებს მუზეუმში აუცილებლად დააბრუნებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.
მომხდარი ძარცვის გარემოებების და მიზეზების შესახებ საუბრობენ მუზეუმის ის თანამშრომლები, რომლებიც დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ.
უკვე მეორე დღეა, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმის კარი დამთვალიერებლებისთვის დახურულია, მომხდარი დანაშაულის შესახებ საუბრობენ ტურისტებიც.
ამ დრომდე უცნობია ზარალის ოდენობა, გამოძიება კი, ორგანიზებული ბანდის მიერ ჩადენილი ქურდობისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე