შეცდომა თუ დანაშაული - გახარიას პარტიამ აღიარა და 1 წლიანი კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ექსპრემიერის მიერ თანაგუნდელებისთვის პარტიულ საკომუნიკაციო ჯგუფში გაგზავნილი მიმართვა დილით "პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. მალევე, პარტიაში ბრიფინგი ჩანიშნეს და მიზეზები განმარტეს.
მძიმე მდგომარეობამდე, გახარიას პარტია, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გარე ძალებთან თანამშრომლობამ მიიყვანა. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერის თანაგუნდელების პარლამენტში ყოფნა საინტერესო იქნება, რადგან ისინი, სპიკერის განცხადებით, უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს სხდომათა დარბაზში პირდაპირ გაახმოვანებენ.
გახარიას გადაწყვეტილება არ მოსწონთ პარტნიორ "ლელოში". ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში ახლა ამტკიცებენ, რომ ექსპრემიერის გუნდთან მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ითანამშრომლეს, 4 ოქტომბრის შემდეგ კი მათი გზები ისევ გაიყო.
ექსპრემიერს ოპოზიციის ღალატში ღიად ადანაშაულებს ექსპრეზიდენტის პარტია. მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გახარიას ახლო წარსულიც შეახსენა და ქვეყნიდან მისი წასვლა ბრძოლის ველიდან გაქცევად შეაფასა, გვარამია-მელიას კოალიციამ კი, ის პოლიტიკურად დასრულებულად გამოაცხადა.
ექსპრემიერი ქვეყნის მოღალატეთა რიგებში დიდი ხანია მოიაზრება მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" იმასაც ამბობენ, რომ გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას არც არაფერი
მოემატება და არც დააკლდება.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ ველზე გახარიას პარტია იყო ერთადერთი, რომელმაც სია არ ჩახსნა, სწორედ ამის საფუძველზე განიხილა პარლამენტმა გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხი. მანამდე კი საკანონმდებლო ორგანომ გაცდენების საფუძველზე სიის პირველ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, პარლამენტში საპარლამენტო სიის მომდევნო 12 წევრი შევა.