თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტული მოთხოვნით მივიდა - მან მასპინძელ ამერიკელ კოლეგას "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები სთხოვა. პასუხად., თანხმობის ნაცვლად, მოულოდნელი განცხადება მიიღო.
"ტომაჰავკები" ძალიან საშიში იარაღია, ამიტომ, ჩვენ არ გვინდა იმის გაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება, თუმცა შესაძლებელია თქვენთვის სხვა ალტერნატივის - მაგალითად, დრონების შეთავაზება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
დრონები ფრთოსანი რაკეტის ეკვივალენტური ვერ იქნება - ამას უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად უსვამს ხაზს. თეთრი სახლის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ თუ "ტომაჰავკები" არ იქნება, მაშინ უკრაინელებმა ამერიკისგან უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მიიღონ, რაც ქვეყანას ომის დასრულების შემდეგ მშვიდობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ამ განცხადების შემდეგ უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს მალევე დაემშვიდობნენ. დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათნახევრიანი საუბრის შემდეგ, მათი დიალოგი უკვე კამერებთან გაგრძელდა, სადაც ლიდერებმა განცხადებები საჯაროდ გააკეთეს. თეთრი სახლიდან ზელენსკი პროტოკოლის სამსახურმა გააცილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარები პრეზიდენტის რეზიდენციის გარეთაც გაკეთდა. დონალდ ტრამპმა მედიასთან პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის მთავარი მიზანი ახლა უკრაინაში ომის დასრულებაა - თუნდაც იმ მოცემულობით, რაც ფრონტის ხაზზე დღეს არის, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებით, რომელზეც რუსეთის გავლენა ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება.
ტრამპის ამ განცხადებას დაეთანხმა ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკელ კოლეგას სრულ ნდობას უცხადებს.
მანამ, სანამ ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები საუბრობენ, დიდი მშვიდობის სამიტისთვის სამზადისი დაიწყო უნგრეთმა. ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს უახლოეს ორ კვირაში უნდა უმასპინძლოს. ბუდაპეშტში მიიჩნევენ, რომ ეს სამიტი უკრაინის კრიზისის პროცესში გარდამტეხი იქნება და შესაძლოა, ომი მოსალოდნელზე ადრე დაასრულოს.
თუ არაფერი შეიცვალა, ტრამპი და პუტინი ერთმანეთის პირისპირ ერთ მაგიდასთან მალე დასხდებიან. მანამდე კი, ამერიკის პრეზიდენტი მხარეებთან მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასასრულებლად აქტიურად განაგრძობს.