18 აგვისტო 2026,   02:52
ვრცლად
ვინ დაგეგმა, ვინ შეასრულა და ვინ გაურბის მორალურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - ვერშემდგარი რევოლუციის მსურველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქართული ოპოზიციის ფორმულა აჩვენებს, რომ რევანშისთვის ლტოლვა, ნებისმიერი ადგილიდან დაძრულ მატარებელზე შეხტომას, ზოგჯერ კი ჩამოხტომას ითხოვს. ასე მოხდა ახლაც, როცა მათი პოლიტიკური რელსები ისევ და მორიგ მარცხამდე მივიდა. პოლიტიკურ მოსედ გამოცხადებულმა პაატა ბურჭულაძემ, მთავარი მისია ვერ შეასრულა, თუმცა ბევრად გაყოფილი ოპოზიცია კიდევ უფრო მეტად გაყო. ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ, ისევ გაურკვეველია ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებზე. გაურკვეველია, რადგან ზოდელავა-ბურჭულაძის გეგმის მეხოტბეებმა, ჩავარდნილი სცენარის შემდეგ ერთმანეთს გაასწრეს.

4 ოქტომბრის ღამეს, დამხობის გეგმა დაემხო. სახელმწიფო არა, თუმცა ურემი გადატრიალდა და გზაც მერე გამოჩნდა - პასუხისმგებლობისგან გაქცევის გზა, რომელსაც ოპოზიციის არასასურველი შედეგის მიღებისთანავე დაადგა. ოპონენტები თავის მართლებას და რეალობიდან გაქცევას ცდილობენ, მთავრობის მეთაური კი პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებულ შტურმზე პასუხისმგებლობას ყველა იმ პირს აკისრებს, ვინც აქციას ესწრებოდა - აქციას, რომლის შეკრების მიზანიც თავიდანვე ცნობილი და გაცხადებული იყო.

ოპოზიციის რიგებში ღალატის ქრონიკა 4 ოქტომბრიდანვე იწყება - მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა პირველმა მოიხსნა, თუმცა ათონელის რეზიდენციის მიზანში ამოღების მთავარი მიზეზი, ხელისუფლების განცხადებით, სწორედ მისი სასახლეში შეყვანა იყო. სალომე ზურაბიშვილი აქციების იდეასაც იწონებდა და წინა პროცესებშიც აქტიურად იყო ჩართული. ზურაბიშვილის ამ განცხადებამ "ნაციონალური მოძრაობა" გააბრაზა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სხვას აკრიტიკებდა, თუმცა რამდენიმე საათში, პასუხისმგებლობას მისი პარტიაც გაექცა. არადა, ჯერ ხელისუფლების დამხობის გეგმა მშვიდობიანი რევოლუციის მანტიით შეფუთეს, შემდეგ მხარდამჭერთა ნაწილი ქუჩაში დაპატიჟეს, გეგმა სცენიდან მოისმინეს და ორგანიზატორებს ტაშიც დაუკრეს.

როცა რევოლუცია ვერ შედგა, ყოფილი და მოქმედი პარტიის წევრები ჯერ რუსთაველზე მარტო დატოვეს, შემდეგ კი ისიც თქვეს, რომ გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ.

კითხვა ბევრია, მათ შორის წარსულში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე - მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლების დამხობას აქტიურად აანონსებდა, მიხეილ სააკაშვილი, ეპისტოლარულ ჟანრში, ხალხს ქუჩაში ეპატიჟებოდა, სხვა წევრები კი თავს ორგანიზატორებად აცხადებდნენ.

მაშინ, როცა დანაშაულის პასუხი კანონია, ალბათ, არც პოლიტიკური ამნეზია უნდა გაგვიკვირდეს. "ნაციონალური მოძრაობა" აქ გამონაკლისი არ არის. პროტესტში მონაწილეობას გეგმავდა "ლელოც" - არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად - პარტია, რომელიც პროცესებისგან მალევე დისტანცირდა.

ვერშემდგარი რევოლუციის შემდეგ, ოპოზიციის ეპილოგი პროლოგს აღარ დაემთხვა და აბსურდის ჟანრში მალევე გადავიდა, ღალატის ეფექტით. სანამ ერთი ნაწილი ტელეკამერებთან თავს იმართლებდა, მეორე ნაწილი სოციალურ ქსელში აქტიურობდა. წერილი მოვიდა ციხიდანაც. ავტორები მელია-გვარამია იყვნენ, თუმცა ადრესატი არ ყოფილა მათი კოალიციის ლიდერი. თანაგუნდელებს მურთაზ ზოდელავაზე სიტყვაც არ დაუწერიათ.

კოლეგების გეგმებს თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა "გირჩი". პარტიის თავმჯდომარის აზრით, ოპოზიციამ, საკუთარი საქციელით და არჩევნებზე გაუარესებული შედეგით, აჩვენა, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი დიდი ხანია აღარ არის.

ის, რომ ოპოზიციამ არ იცოდა, რაზე მიდიოდა, ამის მმართველ გუნდს არ სჯერა. მეტიც - პასუხისმგებლობისგან გაქცევა "ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების სიმხდალეს ადასტურებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციამ პოზიცია მარცხის შემდეგ შეცვალა.

სანამ ოპოზიცია მოღალატეებს საკუთარ რიგებში ეძებს, "ქართული ოცნება" ქვეყნის მთავარ მტრად ოპონენტებს აცხადებს. მმართველი გუნდის შეფასებით, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" გარე ძალების დავალებით მოქმედებს, მთავარი მიზანი კი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.

ქვეყანაში მორიგი რევოლუციური სცენარი ჩავარდა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის მონგრევა შეძლეს, თუმცა ღობის რღვევა მალევე ოპოზიციის რღვევამვე შეცვალა.

 

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები