არც საპარლამენტო და არც მუნიციპალური - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, რომელიც 1 წლის წინ ახალი არჩევნების დანიშვნას ქუჩიდან თავადაც ითხოვდა, დღეს აღიარებს, რომ ბოლო 2 მარათონში ოპოზიცია სამართლიანად დამარცხდა. პოლიტიკური აღსარების ძირითადი დრო ნიკა ობოლაძემ, ყოფილი თანაგუნდელებისა და პარტნიორების კრიტიკას დაუთმო. თქვა, რომ ყველამ ვინც ბოიკოტის გზა აირჩია დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
ნიკა ობოლაძემ ავტორიტეტი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გუნდიდან წასვლის შემდეგ დაკარგა. უკვე დღეს მოღალატეთა სიაშიც გადაწერეს. ობოლაძეს გამიჯნული, სააკაშვილის პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ არჩევნების შედეგების აღიარებით, ყოფილი თანაგუნდელი ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში თვითგადარჩენისთვის იბრძვის.
ოპოზიციის რეალური მიზანი, რომ რევოლუციური პროცესის განვითარება იყო, მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდეც ამბობდა. ამის დასტური კი დღეს სააკაშვილის პარტიის ყოფილი წევრის განცხადებაც გახდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ქვეყანაში არეულობის მოწყობა ოპოზიციის დამფინანსებელი, გარე ძალების ინტერესში იყო.
ამ ბრალდების ადრესატია "ლელოც", თუმცა ამჯერად "ძლიერი საქართველო" წარსულ შეცდომებს აღიარებს და ირწმუნება, რომ ბოიკოტის გზას აღარ გაუდგება. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია, რომელიც ჯერ ქუჩის პროტესტისგან დისტანცირდა, შემდეგ კი საარჩევნო მარათონში ჩაერთო, ახლა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსაც ცნობს და ამბობს, რომ საკრებულოში მიღებულ 2 მანდატსაც გამოიყენებს.
ვინ და რატომ დააშვებინა ოპოზიციას გამოუსწორებელი შეცდომა ბოიკოტის გამოცხადებით? – "გირჩი" "ძლიერ საქართველოს" ურჩევს ღიად თქვას, რატომ მონაწილეობდა ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ქვეყნის დაზიანების საქმეში.
ოპოზიციასთან კითხვები სახელისუფლებო გუნდსაც აქვს, თუმცა "ქართული ოცნება", დამატებითი განმარტების გარეშეც დარწმუნებულია, რომ არჩევნების ბოიკოტი მხოლოდ საბაბი იყო, ხელისუფლების დელეგიტიმაციის, დამხობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის პროცესში.
ვინ იქნება შემდეგი? - საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, "ქართული ოცნება", ოპოზიციის რიგებიდან აღიარებითი ჩვენებების მორიგ სერიას ელოდება.