საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. კოლეგებმა შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საფუძველია. ირაკლი ჩიქოვანმა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ასევე არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა თანამშრომლობის დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებში გამოიხატება, მათ შორის აღინიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უპრეცედენტო მყარი სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, რასაც კიდევ უფრო ამყარებს ლიდერებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობები. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილ ერთობლივი დეკლარაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რაც მისი განმარტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. თავდაცვის მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, 2025 წელს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმატებით დაიგეგმა და ხორციელდება. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში, ასევე სამხედრო განათლების კუთხით დაგეგმილ კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას.
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას, თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.