პიროვნება, რომელზეც ელისო კილაძე საუბრობს, ნანა სანდერია. ის 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა თავდაპირველად, სოციალური ქსელში, პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, ნანა სანდერმა ემიგრანტების კუთვნილი ფული მიითვისა - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარ ანგარიშზე დაახლოებით 55 000 დოლარი ჩაარიცხვინა, რომლითაც საპროტესტო აქციისთვის სპეციალური ეკიპირება უნდა შეეძინა.
ირკვევა, რომ ნანა სანდერი ემიგრანტებს სხვა სახელით ეცნობოდა. ჰპირდებოდა, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხებით აქციის მონაწილეებისთვის პირბადეების და აირწინაღების ყიდვას გეგმავდა. თანხების სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით, სანდერთან კითხვები აქვთ აქციის სხვა, აქტიურ მხარდამჭერებს. დონორების შესახებ ინფორმაციას ახლა თავად სანდერისგან ითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი.
სანდერის გულწრფელობის არ სჯერათ არც აქციის სხვა აქტიურ მონაწილეებს და მხარდამჭერებს. "კურიერთან" აცხადებენ, რომ ორგანიზატორის მისამართით დასმული კითხვები ლეგიტიმურია და მას პასუხი სჭირდება.
ოპოზიციური პარტიებს მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ემიგრანტების მიერ ჩარიცხულ თანხებს აქციის ორგანიზატორები პირადი მიზნებისა და ქვეყანაში პროცესების ესკალაციისთვის იყენებდნენ.
"კურიერმა" დღეს ნანა სანდერთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, საპასუხო პოსტი კი დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ძალადობრივი აქციის აქტიური ორგანიზატორი ამტკიცებს, რომ თანხები გამჭვირვალედ დაიხარჯა.