პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს საბოლოოდ აფრთხილებს. ირაკლი კობახიძე დამხობისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მხარდამჭერებს მოუწოდებს, გაემიჯნონ ანტიკონსტიტუციური განზრახვის მქონე შეკრებას. პრემიერის განმარტებით, მშვიდობიანი შეკრების უფლება ყველას აქვს, თუმცა ძალადობის - არავის.
ხელისუფლების გაფრთხილებისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორები გეგმებს არ ცვლიან. პაატა ბურჭულაძემ დღეს იმ სცენარზე ისაუბრა, რომლის განვითარებაც თვითონ, 4 ოქტომბრის შემდეგ წარმოუდგენია. პაატა ბურჭულაძეს აქამდე კიდევ სხვა რეალობაც წარმოედგინა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ 3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უკვე აღარ იქნებოდა.
სახელისუფლებო გუნდი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ინიციატორებს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობისკენ მიუთითებს. მათ შორის, სწორედ ამ ტერმინის გამოყენების გამო. შალვა პაპუაშვილმა დღეს ოპონენტებს, სტრასბურგის სასამართლოში განხილული მსგავსი საქმეც შეახსენა, რომელიც სწორედ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შემცველ მოწოდებებს ეხებოდა.
დამხობისკენ მოწოდებების გამო, კანონი უკვე შეეხო ლევან ხაბეიშვილს, ასევე ზვიად კუპრავას, რომელიც ვიდეომიმართვაში არჩევნების ჩაშლაზე საუბრობდა. რუსთაველის გამზირი, როგორც ფრონტის ხაზი, სახელმწიფო შენობებისა და საარჩევნო უბნების პიკეტირება, სამართალდამცველებთან დაპირისპირება და წინააღმდეგობის გაწევა, სადაც ყოფილი სამხედროებიც ჩაერთვებიან - ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები პროტესტის სტრატეგიაზე დახურულ და ღია პლატფორმებზეც მსჯელობდნენ.
ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლის გეგმა რომ არ არსებობს, ამაზე დღეს გენერლების განცხადება გავრცელდა. მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა კატეგორიულად ემიჯნებიან ძალადობას და მოუწოდებენ ყველას - თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. მიუთითებენ სწორედ ძალადობრივ მოწოდებებზე. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების ხმამაღალი განაცხადით სააკაშვილის პარტია იმედგაცრუებულია. ისინი ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებს პროტესტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.
სანამ ოპოზიცია ერთმანეთში არკვევს, ძალადობრივია თუ მშვიდობიანი დამხობა, რევოლუციური მოწოდებებით აქტიურობს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" პალატიდან წერს, რომ 4 ოქტომბერს, 2003 წლისგან განსხვავებით, არ იქნება პარტიული რევოლუცია. მმართველი გუნდი კი დაანონსებული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს - არ აჰყვნენ პოლიტიკურ ავანტიურას, ისე როგორც ეს გასულ წელს მოხდა.
რა სტრატეგიით იმოქმედებენ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები? - გეგმა წინასწარ არ კონკრეტდება.