დავით სონღულაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებს დაათვალიერებს, ადგილობრივ საწარმოებს გაეცნობა და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრებს გამართავს.
მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჭის ეროვნულ პარკს ესტუმრა, რომელიც 2023 წელს შეიქმნა. დავით სონღულაშვილი შეხვდა რეინჯერებსაც და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი ოფისიც დაათვალიერა, რომელიც რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტს ემსახურება და აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.
"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მეწარმეებთან შეხვედრა, რადგან ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რომელიც მეწარმეებს ჰქონდათ, რადგან ჩვენ თითოეული პროგრამა, რომელიც გვაქვს სამინისტროს ფარგლებში, მნიშვნელოვანია მორგებული იყოს მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე. გავეცანით მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე და საერთო ჯამში ვნახეთ რაჭის აგრარული პოტენციალი. დაცული ტერიტორიების გაფართოების ნაწილში რაჭისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს აძლევს შესაძლებლობას რაჭას, რომ ჰქონდეს დამატებითი მიზიდულობის პოტენციალი და ცენტრი, შესაბამისად, ტურისტულად კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.