მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ, პრობლემები ეკონომიკაში, დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი - დედაქალაქის მერი 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას იხსენებს. მაშინ ხელისუფლების შეცვლისთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან კახა კალაძე აქტიურად იბრძოდა.
13 წლის შემდეგ, მმართველი პარტიის დამფუძნებლის გამოქვეყნებულ წერილში საუბარია ყველა იმ შედეგზე, რასაც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია. მშვიდობა, სტაბილურობა, ინსტიტუციური მშენებლობა და სუვერენიტეტის გამტკიცება - ეს ის მიღწევებია, რომლის მნიშვნელობას, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მსგავსად, "ოცნების" გენერალური მდივანიც იზიარებს.
ბიძინა ივანიშვილის წერილში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ გარე ძალების ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის მცდელობა სახელდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას და მათ უცხოელ მხარდამჭერებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს. პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველომ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გზაზე ეფექტური ნაბიჯები გადადგა, თუმცა ე.წ. მართული ძალების ხელისუფლებაში მოყვანის სურვილი კვლავ არსებობს.
ქვეყანა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში მშვიდობას რომ ინარჩუნებს, ამას ოპოზიციაშიც ვერ უარყოფენ, თუმცა სახელისუფლებო ძალას ქვეყნის იზოლაციასა და დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ.
საქართველოში 2012 წლის შემდეგ არსებულ პროგრესს რომ ოპოზიცია ვერ ხედავს, მმართველ გუნდში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპონენტების მიზანს მხოლოდ სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენს. "ოცნებაში" 13-წლიანი მმართველობის მთავარ მიღწევად გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებენ, რამაც ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პროგრესს შეუწყო ხელი.
2012 წლის პირველ ოქტომბერს "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა არჩევნების გზით დაასრულა. 13 წლის განმავლობაში, სახელისუფლებო პარტიამ 9 არჩევნების მოგება შეძლო და 4 ოქტომბერს მეათე არჩევნებში გამარჯვებას აანონსებს.