1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ათწლეულების შემდეგ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან იმ ადამიანებისთვის, ვინც ისტორიული მოვლენების დროს საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა.
დღეს, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წერილი შეიტანა. ინიციატივას ხელს სპორტსმენები, ხელოვანები და მეცნიერები აწერენ. ისინი მოითხოვენ, რომ 9 აპრილის გმირებს ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - "საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი" მიენიჭოთ.
წერილს 58 ხელმომწერი ჰყავს. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მთავარი მიზანი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და იმ ადამიანების სათანადო დაფასებაა, რომლებმაც საკუთარი თავგანწირვით საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს.
9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ საბჭოთა ჯარების მიერ განხორციელებულმა სადამსჯელო ოპერაციამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით დაასახიჩრა. ერთ-ერთი, ვინც საბჭოთა კავშირის ჯარისკაცების სადამსჯელო ოპერაციას ცოცხალი გადაურჩა, ირაკლი ბათიაშვილია.
საინიციატივო ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანებისთვის ეროვნული გმირის ორდენის მინიჭება ქვეყნის ისტორიული მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი