18 აგვისტო 2026,   07:17
ვრცლად
მმართველი გუნდი "ლელოს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და კონკრეტული ფაქტების წარმოდგენას ითხოვს - საუბარია მათ ყოფილ მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე

"ქართული ოცნება" "ლელოს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და კონკრეტული ფაქტების წარმოდგენას ითხოვს. საუბარია მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატზე განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლაზე, რაშიც "ძლიერი საქართველო" ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მმართველი გუნდისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის ბრალდებები აბსურდული, მათი მიზანი კი ცხადია - "ლელოს" თვითმმართველობის არჩევნებზე მოსალოდნელი პოლიტიკური მარცხის გამართლება სურს.

ოპოზიციის კანდიდატზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაზე, მოსყიდვასა და მუქარაზე "ლელოს" ლიდერებმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. გაავრცელეს აუდიოჩანაწერიც, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ადგილობრივი პოლიციის ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.

კუპრაძის მტკიცების მიუხედავად, თითქმის 2 წუთიან აუდიოჩანაწერში კარა ორუჯევი არც ერთხელ არ ახსენებს სუს-ს და ადგილობრივ პოლიციას, არ საუბრობს ძალადობაზე და არ ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. "ლელოს" მიერ გავრცელებული ჩანაწერით გაურკვეველია ისიც, თუ ვის აწვდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი კონკრეტულ ინფორმაციას.

ჩანაწერი რომ არარეალურია, ეს საგამოძიებო უწყებას, მთავარმა ფიგურანტმა თავად დაუდასტურა. კარა ორუჯევმა უარყო ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებიც. ოპოზიციის ყოფილი კანდიდატის თქმით, მისთვის "ლელოს" პოლიტიკური კურსი მიუღებელია და კანდიდატურაც სწორედ ამის გამო მოხსნა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გაურკვეველი შინაარსის ჩანაწერი, რომლის ნამდვილობაც დადგენილი არ არის და არც კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მომხდარა, მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ "ლელოს" ძალადობის, მუქარის ან მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი არ წარმოუდგენია. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია.

აქვს თუ არა "ლელოს" კონკრეტული ფაქტები, რაც აუდიოჩანაწერის ნამდვილობას დაადასტურებს? "ძლიერ საქართველოში" დამატებით განმარტებას არ აკეთებენ. პარტიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ უნდობლობას უცხადებენ პროკურატურის გამოძიებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით დაიწყო.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიებით, "ლელოს" ტყუილი დადასტურდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ხაზარაძე-გახარიას ალიანსს, რომელმაც კანდიდატების დასახელება ნახევარ საქართველოშიც ვერ შეძლო, 4 ოქტომბერს მარცხი გარანტირებული აქვს.

მუქარაზე, ბულინგსა და მოსყიდვაზე "ლელო" გასულ კვირასაც საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ბოლნისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, არჩევნებში მონაწილეობა სუს-ის ზეწოლის გამო აღარ ისურვა. ეს ინფორმაცია კი "კურიერთან" თავად ასეფ ჩირაგოვმა უარყო და თქვა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის გამო მიიღო.

დღის ამბები