საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, საქართველოს შესახებ რეზოლუციის განსახილველად ემზადება. 6 დეპუტატის მიერ ინიციირებულ დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში გაუარესებულ პოლიტიკურ გარემოსა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე. ერთ-ერთ მაგალითად კი, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სახელდება. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ "ყოფილი პრეზიდენტი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ".
საფრანგეთის პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივა სახელისუფლებო
გუნდს ელჩების დემარშს და შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს. მიზეზი, მაშინაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესდა.
რის საფუძველზე გაჩნდა რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, როდესაც ის უკვე წლებია სასჯელს "ვივამედის" პალატაში იხდის - ამის ახსნა ექსპრეზიდენტის პარტიასაც უჭირს და მათ პარტნიორებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ
სააკაშვილთან დაკავშირებით ახლა მსგავსი თავადაც არაფერი სმენიათ.
პროექტი საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში წინადადების სახით 6-მა ფრანგმა დეპუტატმა შეიტანა. მათ შორისაა ფრედერიკ პეტი, რომელიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოსაც სტუმრობდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის გარდა, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზეც და მიუთითებდა ახალი არჩევნების ჩატარებაზეც.
ფრანგი კოლეგების ინიციატივას მანიპულაციის მორიგ, კლასიკურ მაგალითს უწოდებს უმრავლესობა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპელი ბიუროკრატები ამბობენ ერთს, ფაქტები კი მეორეს ადასტურებს. მათი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ მათი ოპონენტებისთვის მსგავსი დეზინფორმაციული მხარდაჭერა არჩევნების წინ აქტიურდება.
როდის დაიწყებს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა რეზოლუციის პროექტის განხილვას ჯერჯერობით უცნობია, თბილისში კი თვლიან, რომ დოკუმენტი რომელიც დეზინფორმაციას ეფუძნება, ღირებული ვერ იქნება.