19 ივნისი 2026,   11:19
ვრცლად
არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მოლდოვაში ამოიღეს 200 საარჩევნო ბიულეტენი, რომელზეც წინასწარ იყო შემოხაზული კონკრეტული პოლიტიკური ბლოკი - სამართალდამცავებმა ასევე დაადგინეს, რომ  მზა ბიულეტენებით იგეგმებოდა ე.წ. საარჩევნო კარუსელის დატრიალებაც

თეთრი ქაღალდები, რომელიც მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვში ამოიღო, რეალურად საარჩევნო ბიულეტენია. მასზე უკვე მონიშნულია კონკრეტული პოლიტიკური ბლოკი და საარჩევნო ყუთში ჩასაგდებად მზად არის. საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მსგავსი მასალის აღმოჩენა, მოლდოვის პოლიტიკურ წრეებში ეჭვს აჩენს, რომ კონკრეტული ჯგუფები საარჩევნო უბნებზე ე.წ კარუსელის მოწყობას გეგმავენ.

გაშიფრული სქემის თანახმად - წინასწარ დაქირავებულ ამომრჩეველს, საარჩევნო უბანზე ფარულად ყალბი ბიულეტენი შეაქვს, რომელზეც კანდიდატი წინასწარ არის მონიშნული. ადგილზე იღებს ახალ, ცარიელ საარჩევნო ქაღალდსაც, მასზე ასევე სასურველ კანდიდატს ნიშნავს და საარჩევნო ყუთში ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი ხვდება. ეს მეთოდი, რომელსაც კარუსელსაც უწოდებენ - საშუალებას აძლევს თაღლითებს, რომ ყოველი ციკლით დაუმატონ ერთი არალეგალური ხმა თავიანთ კანდიდატს, რითაც მისი შედეგები ხელოვნურად იზრდება.

მოლდოვაში პოლიტიკური ტემპერატურა ყოველდღიურად უფრო და უფრო მატულობს. მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პარტიას საკმაოდ კონკურენტუნარიანი მეტოქეები ჰყავს. ისმის ურთიერთბრალდებებიც. უკვე რამდენიმე დღეა, მოლდოველები სოციალურ ქსელში შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტებისთვის დაბეჭდილი ბიულეტენის ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებენ, რომელზეც ორი პოლიტიკური პარტია - "პატრიოტული ბლოკი" და "ალტერნატიული პარტია" საერთოდ არ არის დატანილი - ისინი სანდუს მთავარი კონკურენტები არიან.

არჩევნების წინა დღეებში მიმდინარე მოვლენებს "ბინძურ თამაშს" უწოდებს რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ პონტა, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, რუსი პრანკერების მახეში გაება. ვიდეო კომუნიკაციის დროს, პონტამ აღნიშნა, რომ სანდუს პარტიამ გასულ წელს რეალურად არჩევნები წააგო, თუმცა შედეგები გაყალბდა. ვიქტორ პონტამ, რამდენიმე სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკისა და დასავლურ ფსევდოდემოკრატიაზეც ისაუბრა.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები კვირას გაიმართება. ქვეყანაში ვითარება განსაკუთრებით მწვავეა, მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ძლიერ პარტიებს, რომელიც მას კონკურენციას უწევენ პრორუსულ ძალებად მოიხსენიებს და მოსახლეობას მოუწოდებს, 28 სექტემბერს მხარი მმართველ გუნდს დაუჭირონ.

დღის ამბები