18 აგვისტო 2026,   02:40
ვრცლად
"ალეკო ელისაშვილი ექსცენტრული და მებრძოლი ადამიანია, რომელიც ეძებს ყველა შესაძლებლობას, რომ რუსულ რეჟიმს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა აქ ხედვებში ვცდებით" - ირაკლი კუპრაძე დაანონსებულ გაფიცვაზე

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და პარტია "საქართველოსთვის" გაერთიანებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში მისი კოალიციის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი კუპრაძე გაფიცვებს დააორგანიზებს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მისი და ალეკო ელისაშვილის შეხედულებები განსხვავებულია და თბილისის მთავრობა გაფიცვების ორგანიზატორი ვერ იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა საჯარო მოხელე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი ზეწოლისგან.

"ალეკო ელისაშვილი არის საკმაოდ ექსცენტრული და მებრძოლი ადამიანი, რომელიც ეძებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ რუსულ რეჟიმს, რომელიც კორუფციაშია ჩაძირული, წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა აქ ხედვებში ვცდებით. რა თქმა უნდა, თბილისის მთავრობა ვერ იქნება გაფიცვის ორგანიზატორი. ერთადერთი, რაც შეუძლია ქალაქის ხელისუფლებას გააკეთოს, არის ის, რომ თუ ამის სურვილი ბუნებრივად არსებობს, თავისუფლება არსებობდეს სამართლებრივ ველზე, თავისუფლება არსებობდეს თითოეული მოქალაქისა და საჯარო მოხელისთვის.

მე სწორედ ამას ვამბობ: რომ თავისუფალნი იქნებიან იმ წნეხისგან, მათ შორის, "ქართული ოცნების" გულშემატკივარი თუ იქნება რომელიმე საჯარო მოხელე, მასზე არავინ არ უნდა ახორციელებდეს ზეწოლას. ერთხელ და სამუდამოდ, განსხვავებულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, რომელზეც ოპოზიციაში როცა ვსაუბრობთ, ხელისუფლებაშიც ასე უნდა მოვიქცეთ. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" ყველა ცუდი გამოცდილება გადაიბარა და პირიქით - გააუარესა, რადგან რუსულ ყაიდაზე გადაიყვანა. ისინი პროდასავლელები მაინც იყვნენ. კი, ბევრი შეცდომა ჰქონდათ, მაგრამ ევროპული, ავტორიტეტული აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. დღეს კი, არც კალაძეს აინტერესებს ჩვენი პარტნიორების აზრი და არც ირაკლი კობახიძეს.

ჩვენ გვაინტერესებს და ჩვენ, როგორც ოპოზიციაში ვამბობთ, ისე მოვიქცევით ხელისუფლებაში, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი საჯარო მოხელეებისადმი, თუ ასეთი დარჩა, რადგან ყველა საჯარო მოხელემ ძალიან კარგად იცის, რამხელა რეპრესიას განიცდის საკუთარ თავზე," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები