ხელისუფლების დამხობის გეგმის ინიციატორები ადასტურებენ, რომ 4 ოქტომბერს მათთვის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი წინააღმდეგობის გაწევა იქნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" დათვალეს, დაადგინეს და ახლა ირწმუნებიან, რომ ძალოვან უწყებას საპროტესტო აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად არასაკმარისი რესურსი აქვს.
რატომ განიხილავს სააკაშვილის პარტია სპეცრაზმის გამოყვანას აქციაზე, თუ ის მშვიდობიანი იქნება? ექსპრეზიდენტის გუნდი მტკიცების რეჟიმშია.
რჩევა ირონიული, გაფრთხილება კი უფრო მკაცრი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია იმაშიც, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციას მხოლოდ რადიკალური და ძალადობრივი პროცესების განვითარება სურს. სახელისუფლებო პარტიისთვის ამის კიდევ ერთი დასტური და აღიარება სწორედ ანა წითლიძის განცხადებაა.
წინასწარ გათვლილი გეგმის თანახმად, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციაზე მისვლას აპირებს "ლელოც". თუმცა დღეს ძლიერ საქართველოში ირწმუნებიან, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი არც რადიკალური სცენარის მხარდამჭერი და არც მონაწილე იქნება. შესაძლო ძალადობრივი პროცესების განვითარებას ემიჯნება "გირჩიც", რომლისთვისაც "ნაციონალური მოძრაობის" ლოგიკა დიდი ხანია მცდარია.
ოპოზიციის გეგმას საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ არეულობის მორიგი მცდელობაც წარუმატებელი იქნება.
ოპონენტებს უმრავლესობიდან შეახსენეს ისიც, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გამოყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში მხოლოდ ძალადობრივი ხასიათის აქციების დროს დგება.
რა ფორმას მიიღებს 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია? საბოლოო გეგმა უცნობია, თუმცა ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოსული ნაციონალური მოძრაობა მის გარშემო ისევ რევოლუციონერებს ეძებს.