პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ნიუ-იორკში, სადაც გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი.
როგორც მათიკაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ყველა ის გამოწვევა, მიღწევა, სავარაუდო პროგრესი, წინ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ელოდება, მაღალი ალბათობით, გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლის თემა იქნება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ნიუ-იორკში, სადაც გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი და ის გენერალურ ასამბლეაზე აპირებს სიტყვით გამოსვლას. ეს არის ის ფორუმი, რესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი სახელმწიფოს მიერ. ცხადია, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ჩვენთვის უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოსვლა შეეხება იმ მოცემულობას და მდგენელს, რაც არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო რეგიონში აწარმოებს და რაც ჩვენი სავიზიტო ბარათია, ეს არის მშვიდობა, მშვიდობის დაცვა, რაშიც დღეს მსოფლიოს უმეტესი, საღად მოაზროვნე ნაწილი ჩვენ გვეთანხმება.
მაღალი ალბათობით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დადგა, გამორჩეულად 2022 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყნის, როგორც მესამე ძალის გამოყენების თემა წამოიწია. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ახალი, მნიშვნელოვანი და ძალიან საფრთხილო გამოწვევა დადგა. ამიტომ, შესაძლოა პრეზიდენტის სიტყვა ამ სიტუაციასაც შეეხოს.
ყველა ის გამოწვევა, მიღწევა, სავარაუდო პროგრესი, წინ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ელოდება, მაღალი ალბათობით უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვის შინაარსი. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ველოდებით. არ არის მხოლოდ ამ სიტყვაზე აქცენტი გაკეთებული, ამ სიტყვის მიღმა არის დონალდ ტრამპის და მისი მეუღლის მიერ საზეიმო ვახშამი, სადაც უნდა მიბრძანდეს ჩვენი პრეზიდენტი. ეს არის ისეთი ფორმატები, რომლის გამოყენებაც, მისი ძირითადი მეინსტრიმის გარდა, რაც იქ ძალიან მნიშვნელოვანია და სულმოუთქმელად ველოდებით მიხეილ ყაველაშვილის სიტყვას და ასევე უნდა იქნეს და დარწმუნებული ვარ ამ დიალოგებისთვის გამოყენებული იქნება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.