ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და სერტიფიკატები სასულიერო პირებს გადაეცათ, რომლებმაც ღირებულებითი განათლების ტრენინგების სრული კურსი გაიარეს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.
პროექტი "ღირებულებითი განათლება" საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ თავდაპირველად შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან ის თბილისში 50 სკოლაში იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი აღინიშნება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს უძღვნის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სკოლებში ქრისტიანობის შესახებ სწავლების შეტანას.