19 ივნისი 2026,   11:58
ვრცლად
ამერიკის ხელისუფლებამ პირველად დაადასტურა უკრაინისთვის NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შეძენილი იარაღის გაგზავნა - Reuters

ამერიკის ხელისუფლებამ პირველად დაადასტურა უკრაინისთვის NATO-ს წევრი სახელმწიფოების მიერ შეძენილი იარაღის გაგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია, საერთო ჯამში, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ორ პაკეტზე, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე სატელეფონო საუბარი გაიმართა დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის გამოცხადება დააანონსა. ზომები კრიპტოვალუტას, საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს მოიცავს.

დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ზელენსკის შეთანხმების დადება მოუწევს. შტატების პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ევროპამ რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს და მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში გამართულმა სამიტმა შედეგი გამოიღო. 

"რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე პროგრესია მიღწეული", - განცხადება სენატორმა ლინდსი გრემმა გააკეთა. რესპუბლიკელმა კანონმდებელმა განმარტა, რომ შესაძლოა საკითხზე საბოლოო "გარღვევა" დღეს მოხდეს.

რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, 500%-მდე ტარიფი დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ.

დღის ამბები