18 აგვისტო 2026,   05:03
ვრცლად
"ორივეს ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული" - როგორ ეხმაურებიან წარდგენილ ბრალს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატები

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი დაუმძიმდა. ამის საფუძველი გამოძიებისთვის ოთხ ოქტომბერს დაგეგმილი მშვიდობიანი დამხობის შესახებ ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებები გახდა.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"ჩვენ გავეცანით ბრალდებას - ლევანი არ დაეთანხმა. მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. როგორც იურისტი მეც ვადასტურებ, რომ მისი ქმედება არავითარ დანაშაულს არ შეიცავს. ორივეს ბრალდება არის სამართლებრივად აბსურდული. მტკიცებულებები, რისი გადახედვაც მოვასწარი, არის პოლიციელების პატაკები და მათი გამოკითხვის ოქმები. საქმეში დევს მისი თითქმის ყველა საჯარო ინტერვიუ, სადაც სხვადასხვა საჯარო საკითხებზე საუბრობს," - აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

მურთაზ ზოდელავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

"ჩვენ წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით. მურთაზ ზოდელავა არის დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშ პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას ხელს შეუწყობს," - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. ამავე საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას ბრალად ედება ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვა და გამოძიებაში უკანონო ჩარევა.

პროკურატურა სასამართლოს ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, ხოლო ზოდელავასთვის გირაოს შეფარდებას სთხოვს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები