ყოველწლიური ტრადიცია გრძელდება - საქართველო ევროპის ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობს. შვედეთის ქალაქ გოთენბურგში მიმდინარე ღონისძიებაზე, მსოფლიოს 300-მდე ორგანიზაციასთან ერთად ქართული უნივერსიტეტებიცაა წარმოდგენილი.
გამოფენაში მონაწილე 16 ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის "ალტე უნივერისტეტიცაა", რომელიც ფორუმში უკვე მესამედ მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში განათლების სამინისტროს ორგანიზებით თემატური სესია, სახელწოდებით ,"საქართველო როგორც ტრანსნაციონალური რეგიონალური ჰაბი" გაიმართა. სესია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მონაწილეებმა აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
თემატური სესიის მონაწილეებისთვის ქართულმა უნივერსიტეტებმა პრეზენტაციაც გამართეს. მიზანი ცნობადობის გაზრდა, თანამშრომლობის გაფართოება და პოტენციური პარტნიორების მოზიდვა იყო.
გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნივერსიტეტებს განათლების სამინისტროს პროექტის "ედუქეიშენ ინ ჯორჯია" ფარგლებში მიეცათ, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. საქართველო უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად წარსდგა.
მიმდინარე წელს, "ედუქეიშენ ინ ჯორჯია" ხელშეწყობით საქართველო უკვე რიგით მეხუთე საერთაშორისო ფორუმზეა წარმოდგენილი. მანამდე ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და ინდოეთში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე