არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ წუთებში კითხვებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლობის დირექტორი, თამარ ქაროსაძე პასუხობს. საქმე ეხება საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
"დადასტურებულია, რომ ეს ორგანიზაცია თავის მხრივ, ფინანსდება USAID-სგან, შტატების განვითარების სააგენტოდან. ამ ორგანიზაციის გავლით, ხდებოდა თითქმის საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობის დაფინანსება. აქ საუბარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლის ანგარიშებიც დაყადაღდა. უკვე ეს ჩარიცხული თანხები, როგორც თქვენ იცით, გამოყენებული იქნა კანონსაწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კითხვები, რამდენად ინტერესდებოდნენ ისინი ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე და ცნობილი იყო თუ არა, რომ ეს თანხები გამოიყენებოდა ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც იყო ჯარიმების გადახდა, წახალისება, პატიმრების სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულებების დაფარვა და ა.შ." - აცხადებს პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე.