ახალი დეტალები საქართველოში "ჰექსოგენის შემოტანის" საქმეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული მასალებით ირკვევა, რომ დანიშნულების ბოლო ადგილი თბილისი იყო. უფრო კონკრეტულად, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
უწყებაში განაცხადეს, რომ მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ტროტილზე ბევრად ძლიერია, უკრაინის სპეც-სამსახურის, "ეს ბე უს" თანამშრომლებმა გადასცეს. სხვა ვერსიებთან ერთად, ახლა გამოძიება ადგენს, არსებობს თუ არა კავშირი ამ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კონკრეტული ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უკრაინის მოქალაქემ, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, არ იცოდა რა ნივითიერებაზე იყო საუბრი.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული აცხადებს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი მოქალაქე დახვდა მას უკრაინის ტერიტორიაზე და სთხოვეს გარკვეული ნივთების გატანა, თუმცა რა იყო შიგნით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"ჰყავდა სატვირთო მანქანა, ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი მივიდა და სთხოვეს რაღაც ნივთების გატანა. კონკრეტულად რა იყო შიგნით, მისთვის უცნობი იყო და უთხრეს, რომ აქ დახვდებოდა პიროვნება, რომელიც წაიღებდა ამას. სწორედ ბათუმში, აღნიშნული ყუთის გადაცემის დროს იქნა ორივე დაკავებული. კონკრეტულად რა იყო, არ ვიცოდიო, მაგრამ იმას აღიარებს, რომ, რომ არ ვიცოდი, ასე არ უნდა წამომეღოო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ და პირადობის წარმოდგენის შემდეგ, გამომატანესო", - ამბობს ადვოკატი დალი ბარბაქაძე.