"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი მთავრობის სხდომიდან გამოეხმაურა. კახა კალაძემ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. მელიქიშვილის გამზირზე საარჩევნო შტაბთან დაზიანებულია ბანერები, რომლებზეც წარწერები აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. აქტივისტებმა შენობის მისამართით ბოთლები და კვერცხებიც ისროლეს. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ აქციები "რეჟიმს შეარყევს".
"მე რასაც ვუყურე, არაფერ შუაში არ არიან ის სამოქალაქო აქტივისტები, თავდასხმა მოხდა "ქართული ოცნების" ტიტუშკების მხრიდან, ყველა გინება "ქართულ ოცნებაზე" საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არის ალალი. რაც უფრო მეტი საპროტესტო აქცია იქნება, ეს მით უფრო მეტად შეარყევს რეჟიმს,"- აცხადებს ანა წითლიძე.