თვითმმართველობის არჩევნებამდე 26 დღით ადრე, ხელისუფლება ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის პასუხს ელოდება. შეთავაზება გაგზავნილია, ახლა ჯერი ეუთო/ოდირზეა.
სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, მიზანი ერთადერთია - არჩევნებთან დაკავშირებით, კითხვები არ უნდა არსებობდეს. კახა კალაძემ დღეს წარსული და 2024 წელი გაიხსენა. თქვა, რომ დამკვირვებლებმა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ განხორციელებული ზეწოლის გადალახვა და გამოწვევებთან გამკლავება უნდა შეძლონ.
ეუთო/ოდირის მოწვევის შემდეგ, ოპოზიციაში აზრები ორად კიდევ ერთხელ გაიყო. პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, ფიქრობენ, რომ შეთავაზება დაგვიანებულია, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ბოიკოტის რეჟიმში რჩება "ნაციონალური მოძრაობა", სადაც არც დღეს დაუმალავთ ეუთო/ოდირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება. თინა ბოკუჩავას კითხვები აქვს, შეძლებს თუ არა ორგანიზაცია სრულფასოვანი მისიის ჩამოყალიბებასა და ობიექტურობას.
წერილი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევს, ადრესატისთვის გაგზავნილია. სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ ცნობილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან გახდა.
ირაკლი კობახიძემაც თქვა და მმართველ პარტიაშიც აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს მსგავსი ორგანიზაციები, როგორც წესი, არ აკვირდებიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა ეუთო/ოდირისთვის მისიის გამოგზავნა შეეთავაზებინა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 კვირაა დარჩენილი. 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია სადამკვირვებლო მისიამ უახლოეს მომავალში უნდა გამოხატოს.