18 აგვისტო 2026,   03:38
ვრცლად
მმართველი გუნდის თქმით, ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღიად საუბრობს, წარუმატებელი იქნება - რა შეფასებები კეთდება ენმ-ის რევოლუციური მოწოდებებზე პარტიებში

ექსპრეზიდენტის პარტია რევოლუციური მოწოდებებით უკვე ღიად გამოდის და ხელისუფლების შეცვლის შესაძლო სცენარს საჯაროდ განიხილავს. ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, იყო ანა წითლიძე, რომელმაც "ვარდების რევოლუცია" გაიხსენა. ხელისუფლების ცვლილების გეგმა "ნაციონალურმა მოძრაობამ," პოლიტსაბჭოს სხდომაზე, დახურულ კარს მიღმაც განიხილა. პოლიტსაბჭოზე განხილული კი, დღეს სააკაშვილის პარტიის სხვა ლიდერებმაც გაახმოვანეს.

რევოლუციურ გეგმას განიხილავენ ყოფილი "ნაციონალებიც." ძველი სახეებით დაკომპლექტებულ "ახალში" გადასული მურთაზ ზოდელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ მიზნის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს. უფრო რადიკალური განცხადებები ჰქონდათ, კოალიცია ცვლილებისთვის სხვა წევრებს.

რევოლუციური და ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები რომ სისხლის სამართლის დანაშაულია,"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ წევრებს დღეს "ქართული ოცნებიდან" შეახსენეს. მმართველ გუნდში დარწმუნებით ითქვა ისიც, რომ ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომელზეც სააკაშვილის პარტია უკვე ღიად საუბრობს, ამჯერადაც წარუმატებელი იქნება.

არჩევნების ჩაშლისა და "ნაციონალური მოძრაობის" რევოლუციურ გეგმებს ემიჯნებიან საარჩევნო მარათონში მონაწილე ოპოზიციური პარტიები. გახარია-ხაზარაძის ალიანსში დღეს მკაფიოდ ითქვა, რომ სააკაშვილის პარტიის მოწოდებები აბსურდული, გეგმა კი რადიკალურია.

"კანონდარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს ექნება მკაცრი რეაგირება" - ამბობენ "ქართულ ოცნებაში" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს აფრთხილებენ, საკუთარ განცხადებებს ყურადღებით მოეკიდონ.

საარჩევნო ბოიკოტში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციური მოწოდებებით არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში უფრო გააქტიურდა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერი საქართველოში რევოლუციური სცენარების სერიალის დასასრული იქნება.

დღის ამბები