18 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
არ არის გადამწყვეტი, იქნება თუ არა ნეიტრალური არბიტრი ამ არჩევნებზე, რადგან მას განვიხილავთ, როგორც ბრძოლას - "ლელო" ეუთო/ოდირზე

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის თემაა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა საქართველოში. "არჩევნებთან დაკავშირებით, არავითარი კითხვა არ უნდა დარჩეს" - თქვა მთავრობის მეთაურმა და განაცხადა, რომ საერთაშორისო მონიტორებს, მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ხელისუფლება ყველა პირობას შეუქმნის. ოფიციალური წერილი ეუთო-ოდირს უკვე გაეგზავნა, გადაწყვეტილება კი საზოგადოებას გუშინ თავად მთავრობის მეთაურმა გააცნო. 

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მმართველი გუნდი საერთაშორისო მისიაზე, ამჯერად კიდევ უფრო მძიმე ზეწოლას ელოდება, თუმცა იმედი აქვს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. 

ოპოზიციურ სპექტრში მმართველი გუნდის განცხადებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა - პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ მუნიციპალურ არჩევნებში ამბობენ, რომ გარკვეულწილად საერთაშორისო მონიტორების საქართველოში ყოფნა პოზიტიური იქნება, თუმცა მაინც აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ფიქრობენ, რომ უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო შეთავაზება ეუთო/ოდირის მიმართ.

"არ არის გადამწყვეტი, იქნება თუ არა ნეიტრალური არბიტრი ამ არჩევნებზე იმიტომ, რომ განვიხილავთ მას, როგორც ბრძოლას. ბუნებრივია, 4 ოქტომბერს თუ გვეყოლება მოკავშირეები იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების კონტინგენტი პრაქტიკულად არის შემცირებული, მოკლევადიანი მისია თუ ჩამოვა ეუთო/ოდირის, ეს იქნება მისასალმებელი“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.

განსხვავებულია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, სადაც ღიად ამბობენ, რომ თუკი ისინი არ მონაწილეობენ ამ არჩევნებში, მმართველმა გუნდმა იცის, რომ რაიმე სახის დესტრუქციული ქმედება ან ხმაური საარჩევნო უბნებზე არ იქნება და ამიტომ გადაწყვიტა სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოყვანა. 

"ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ამიტომ არ იქნება არც თავ-პირის მტვრევა, არც ის დარღვევები, რომელიც არის ხოლმე საარჩევნო უბნებზე, მანამდე რაც გვიხილავს, და ამიტომაც მათ სურთ, რომ რაღაც ფსევდოილუზია შექმნან დემოკრატიული პროცესის და ამიტომაც იწვევენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თორემ რომ იყოს რეალურად, რა თქმა უნდ,ა ის სიტუაცია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ნამდვილად აპირებდეს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რეალურად, მთავარი ოპოზიციური ძალებიც აპირებდნენ, ამ შემთხვევაში, ამას არ იზამდნენ“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები