უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, პოლონეთი და ახლა უკვე ხორვატია - ყოველდღიურად ფართოვდება იმ ევროპული სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც ომის დასრულების შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების შეყვანაზე უარს ამბობენ. მიზეზად, მათი სახელმწიფოების უსაფრთხოება და რუსეთისგან თავის დაცვა სახელდება.
ჯარის შეყვანასთან ერთად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარს ამბობს სლოვაკეთი. რობერტ ფიცო ზელენსკის უკრაინაში გუშინ შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიცომ პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.
სანამ ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების დაცვის ფორმებზე მსჯელობენ, მორიგ განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ევროპულმა ქვეყნებმა უნდა აიღონ.
ევროპის კონტინენტზე 3 წლიანი ომის დასრულებას მხარს უჭერს უნგრეთიც, თუმცა ოფიციალური ბუდაპეშტი კატეგორიულად გამორიცხავს კიევის ევროკავშირში გაწევრიანებას. ვრცელი განცხადება ამ საკითხზე დღეს უნგრეთის პირველმა დიპლომატმა გაავრცელა, რომელიც ზელენსკის მწვავედ აკრიტიკებს და გარედან მართულ პროცესებზე საუბრობს.
თავად ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე მსჯელობს. მოსკოვში მიწვევის საპასუხოდ, ზელენსკი პუტინს კიევში ეპატიჟება და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სანამ ომია, ის რუსეთის დედაქალაქში არ ჩავა.
ომი უკრაინაში უკვე სამი წელია გრძელდება, ამ დროის განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის არაერთი მოლაპარაკება შედგა, თუმცა მათი უმეტესობა შედეგის გარეშე დასრულდა. მანამ, სანამ მხარეები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მსჯელობენ, რუსეთი მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს, რასაც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.