15 აგვისტო 2026,   09:00
ვრცლად
"მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირის შესაბამისი დამკვირვებლები, როგორც ჩანს, იქნებიან წარმოდგენილი საქართველოში" - გრიგოლ გეგელია

ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტებში განსხვავებული მოსაზრებებია. არჩევნებში მონაწილე პარტიებში ამბობენ, რომ არჩევნებზე მსგავსი მასშტაბის ორგანიზაციის მოწვევა მნიშვნელოვანია. 

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, არჩევნებზე ეუთო/ოდირის ჩამოსვლას მიესალმებიან.

"არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, ბუნებრივია, ამ არჩევნებს ყოველთვის ვეძახდით ე.წ. არჩევნებს, დე-ფაქტო არჩევნებს. ამავდროულად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი ბრძოლისა და ამ კუთხით, მივესალმებით იმას, რომ ეუთო/ოდირის შესაბამისი დამკვირვებლები, როგორც ჩანს, იქნებიან წარმოდგენილი საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც. ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა მისიამ იცის, რომ ჩვენ გვსურდა, რომ ისინი ყოფილიყვნენ აქ და მივესალმებით მათ ჩამოსვლას და რა თქმა უნდა, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით კი, არ აქვს მნიშვნელობა რა მასშტაბის ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს. 

"ტექნიკური ორგანიზაცია გახლავთ, რომელსაც ვერ ექნება ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ აქტორებს. პოლიტიკური აქტორები ვინც არიან, ევროკავშირის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ინსტიტუცია იქნება მოწვეული, იმიტომ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმეტესობა არ აპირებს ე.წ. საარჩევნო უბანზე მისვლას", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები