15 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
"ძლიერი სპეცსამსახური, რომელიც ქვეყნის უსაფრთხო განვითარების გარანტი უნდა იყოს" - რას ჰპირდება საზოგადოებას მამუკა მდინარაძე, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა პარლამენტის სრული მხარდაჭერით ჩაიბარა

ძლიერი სპეცსამსახური, რომელიც ქვეყნის უსაფრთხო განვითარების გარანტი უნდა იყოს - ასეთია მამუკა მდინარაძის მიზანი და ხედვა, რომელმაც დღეს სუს-ის უფროსის თანამდებობა პარლამენტის სრული მხარდაჭერით ჩაიბარა. კანონის შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საკუთარი ხედვა ჯერ თავდაცვის კომიტეტის წევრებს გააცნო, შემდგომ კი მისი კანდიდატურა საპარლამენტო სესიაზე 85 ხმით დაამტკიცეს. მდინარაძე ამბობს, რომ გლობალური გამოწვევების, ტურბულენტური რეგიონისა და არსებული საფრთხეების ფონზე, მისი მიზანი სამსახურის გაძლიერება და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა იქნება.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს, კორუფციასთან ბრძოლა იქნება. სუს-ის უფროსმა დღეს ხაზგასმით განმარტა, რომ თანამდებობა ან პარტიული კუთვნილება, დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან ვერავის იხსნის. მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ანტიკორუფციული სამსახურის უკომპრომისო მუშაობას ჰპირდება - მიზანი კი, მმართველი გუნდის დაპირების შესაბამისად, ქვეყანაში კორუფციის დონის მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებაა.

სუს-ის უფროსი უწყებაში ახალი გუნდით და ახალი იდეებით მიდის. მამუკა მდინარაძემ დღეს, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებლის გახსნაც დააანონსა. თქვა, რომ საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ახალი კვალიფიციური კადრების სრულყოფილი მომზადება მოხდეს. მდინარაძემ დღეს უწყების მატერიალური და ტექნიკური გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს წარმატებული საქმიანობა დღეს უკვე ყოფილმა კოლეგებმა უსურვეს. სხდომათა დარბაზში პარლამენტის სპიკერმა, მამუკა მდინარაძის, როგორც უმრავლესობის გამოცდილი ლიდერის პროფესიულ ღირსებებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის რანგში მედიასთან პირველი ინტერვიუ მამუკა მდინარაძემ განვლილი პოლიტიკური საქმიანობის შეჯამებითა და მადლობით დაასრულა. თქვა, რომ პარლამენტი მისთვის მეორე ოჯახია და წლების შემდეგ უკან აუცილებლად დაბრუნდება.

მამუკა მდინარაძე პროფესიით იურისტია. აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი, წლების განმავლობაში ის სამართალდამცავ უწყებაში მუშაობდა. მისი სახელი პოლიტიკას 2016 წლიდან დაუკავშირდა. რვა წლის განმავლობაში მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე კი, კანონის თანახმად, 6-წლიანი ვადით დაინიშნა.

დღის ამბები