15 აგვისტო 2026,   00:46
ვრცლად
"ბევრი მოქალაქე მეოთხე კატეგორიის შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს და ამ მხრივ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება თანამოქალაქეებისთვის" - "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში, ზურაბ ჩიკვილაძე, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზე

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. როგორც მან "კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, სიახლე შეეხება თბილისის ძველ რაიონებს, მათ შორის, ჩუღურეთს. 

"დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დააანონსა ის სიახლე, რომელიც ექნება ჩვენს ძველ რაიონებს, კრწანისს, ჩუღურეთს, მთაწმინდას, ისანს. ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუხარდება ეს პროგრამა, რომელიც ამოქმედდება 1 იანვრიდან. პროგრამა, თავის მხრივ, გულისხმობს ჩვენს მოქალაქეებთან ფულადი თანხით მათი ქონების გამოსყიდვას. იცით, რომ ბევრი მოქალაქე მეოთხე კატეგორიის შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს და ამ მხრივ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება, თითქმის რევოლუციური გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, როდესაც საბაზრო ფასით შეფასდება მათი ქონება და მეორეს მხრივ, ქალაქი განავითარებს შენობა-ნაგებობებს, ხშირ შემთხვევაში, ალბათ მოგვიწევს დაშლა და ახლის აშენება და რასაკვირველია, ბიზნესის სფეროც ჩაერთვება. იმ გარემოს გათვალისწინებით, იმ სილამაზის გათვალისწინებით, რომელიც ახასიათებს ჩუღურეთის რაიონს, გამორჩეული პანორამით მთელ თბილისზე, ამას დიდი მომავალი ექნება", - აცხადებს ზურაბ ჩიკვილაძე. 

შეგახსენებთ, 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.

როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.

დღის ამბები