დროებითი საგამოძიებო კომისიის 400-გვერდიანი დასკვნა რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავს - სისტემური დანაშაული, წამება, ძალადობა, მკვლელობები, ფინანსური ტერორი, მედიის შევიწროება და რუსეთ-საქართველოს ომი - ეს ის მთავარი აქცენტებია, რაზეც თეა წულუკიანმა, დღეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. დოკუმენტი," ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელმა კომისიამ დღეს გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ დაუსჯელობის სინდრომმა და დამნაშავე სამართალდამცავების პერსონალურად მიხეილ სააკაშვილისგან წახალისებამ, ძალოვანი უწყებები მძიმე დანაშაულების თანამონაწილედ აქცია.
დასკვნაში, რომელიც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს გააცნო, განსაკუთრებული ადგილი ადამიანის გატაცების, გაუპატიურებისა და ბიზნესის რეკეტის საქმეებს ეძღვნება. თეა წულუკიანმა 1999 წლიდან დღემდე სტრასბურგში გაგზავნილ საქმეებზეც ისაუბრა. თქვა, რომ 284 ქეისიდან 227, სწორედ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს უკავშირდება. ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ყველა მათგანზე სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც 2 მილიონ ევროს უტოლდება. დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ბიზნეს წილების გადაფორმება პირადად სააკაშვილის ოჯახის წევრებზე ხდებოდა. წულუკიანის თქმით, ამ საქმეში შუამავალი რგოლის ფუნქციას ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბანკი ასრულებდა.
კომისიის მრავალგვერდიან ანგარიშსა და დასკვნაში განსაკუთრებული ადგილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებას უკავია. დოკუმენტში საუბარია იმ პოლიტიკურ მანევრებზე, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე წლებით ადრე სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ხორციელდებოდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, მტკიცებულებათა შესწავლამ აჩვენა, რომ აგვისტოში ხელისუფლებამ კოდორის ხეობა დანაშაულებრივად რუსეთს ჩააბარა, არ მოუსმინა პროფესიონალი სამხედროების რჩევებს და ომი გარე ლობისტური ძალების დავალებით, სამოქალაქო პირების ხელმძღვანელობით წარმართა.
კომისიის დასკვნას დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნეს, თუმცა დასკვნის საპირისპირო მტკიცებულებები და არგუმენტები არ წარუდგენიათ. "ნაცმოძრაობის" პოზიციას იზარებენ კოლეგა ოპოზიციურ პარტიებშიც.
საპარლამენტო კომისიის 5-თვიანი საქმიანობას და დასკვნის სახით დაწერილ რამდენიმე ასეულ გვერდს, ფასდაუდებელი შრომა უწოდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, დასკვნამ დასავლური საზოგადოება ბევრ საკითხზე უნდა დააფიქროს. პაპუაშვილი საერთაშორისო აქტორებს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო ბოდიშის მოხდას ურჩევს.
საგამოძიებო კომისიის 400-გვერდიან დასკვნას პარლამენტი დადგენილების სახით ხვალინდელ სესიაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ, მმართველი გუნდი მის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნას და "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნას გეგმავს.