"ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის გაკეთებული განცხადებებია. სააკაშვილის პარტია, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური რვიანიდან "ფედერალისტების" გარიცხვას ისევ ითხოვს. პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, ექსპრეზიდენტის გუნდი იმასაც ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილის ქმედებები ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს სცდება, ამის გამო კი, მასთან ურთიერთობის რესურსს ვეღარ ხედავენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს თავად ადრესატი დღეს აღარ გამოხმაურებია. გუშინ კი "კურიერთან" ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილის პარტიის ლიდერების შანტაჟი და მუქარის ტონი მიუღებელია. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ამ დაპირისპირების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ჩატიდანაც საკუთარი სურვილით გავიდა.
ყოფილი პარტნიორები, საერთო პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში დაადანაშაულეს მეორე ოპოზიციური ფლანგიდან. გახარია-ხაზარაძის ალიანსში მკაფიოდ ითქვა, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების პრობლემები მათთვის საინტერესო აღარ არის.
მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ, მორიგ დაპირისპირებას არასერიოზულად მიიჩნევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან კავშირში მყოფი, ნებისმიერი პარტია უცხოური დავალებებით და საერთო მიზნით მოქმედებს, რაც ქვეყანაში არეულობის მოწყობას გულისხმობს.
ძველი პარტნიორების ახალი პოლიტიკური დავა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა, სოციალურ ქსელში, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, კომენტარების ავტორების "ფეისბუკის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.