მესამე დღეა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი, აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა გახდა, რომელიც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ენჯეოების სახსრებით ხდებოდა.
გამოძიების ფარგლებში სულ დაყადაღებულია 12 NGO-სა და ფონდის ანგარიშები. არსებული ინფორმაციით, "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" და "ნანუკას ფონდმა" ჯარიმებისთვის, პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის 300 000 ლარზე მეტი დახარჯეს.
"ქართული ოცნებისთვის" ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქველმოქმედო ფონდები, მათი წესდების მიღმა ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.
"ჩვენ ვნახეთ ოფიციალურად გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტები იმისა, თუ როგორ იძენდნენ კონკრეტული ე.წ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქციებისთვის იმ სახის ეკიპირებას, რომელიც არა მშვიდობიანი აქციისთვის, არამედ პირიქით, ძალადობრივი აქციისთვის არის საჭირო - ნიღბები, წიწაკის სპრეი და ა.შ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო დონეზე USAID-ის მხრიდან უზარმაზარი თანხების დახარჯვის კუთხით, კიდევ ერთხელ ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ მაგალითად, მოლდოვაში და უკრაინაში ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იმიტომ რომ სასურველი მთავრობა შეენარჩუნებინათ, ხოლო მათთვის არასასურველი, მაგრამ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები ხელისუფლებიდან ჩამოეცილებინათ ანტიკონსტიტუციური გზებით. ჩვენ ხომ იგივე ვნახეთ საქართველოში, იგივე სიტუაციას წავაწყდით საქართველოში. ამიტომ, ძალიან ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო, პროკურატურა საბოტაჟის მუხლით აღძრავს საქმეს და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება. დანარჩენი, ბუნებრივია, არის სასამართლოს გადასაწყვეტი და ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, ამ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.