"ნოემბრის აქციებს თუ გადავხედავთ, ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როდესაც მდიდარი "ენჯეოები" თავიანთ აქტივისტებს აფინანსებდნენ, რათა მეტი ძალადობა ყოფილიყო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულს ირიბად ახალისებდნენ.
"აწვდიდნენ ე.წ. შეიარაღებას თავისი პიროტექნიკით, "მოლოტოვის კოქტეილებით," აალებადი ნივთიერებებით და ა.შ. სახელმწიფოს დამხობისკენ მოუწოდებდნენ. ამის შემდეგ მათ აგულიანებდნენ, რომ ჯარიმებსაც ისინი გადაუხდიდნენ, თუ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები იქნებოდნენ. ირიბად ახალისებდნენ, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი დანაშაული ჩაედინათ. რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და, შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ითვალისწინებს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კი ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.