მმართველი გუნდი ოპონენტებს წარსულს ახსენებს და არათანმიმდევრულობის გამო აკრიტიკებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გახარია-ხაზარაძის საარჩევნოდ გაერთიანებულ გუნდებს დამაჯერებლობას წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები უკარგავს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი ოპოზიციური ერთობის მიღმა, რეალურად კვლავ გარე ლობისტური ძალების ინტერესები და დაკვეთა იმალება.
"ლელომ" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, საერთო მერობის კანდიდატთან ერთად მაჟორიტარების ერთიანი სიაც წარადგინეს. ორი ოპოზიციური პარტია გუშინ ცდილობდა მოქალაქეებისთვის მათი ერთობის ლოგიკურობა დაესაბუთებინა. თუმცა არქივი განსხვავებულ მასალებს ინახავს.
ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ გახარიასთან კითხვები აქვს, თუმცა პოლიტიკური წარსული აპატია, ისე როგორც მიხეილ სააკაშვილს. "ლელოსა" და გახარიას გუნდის საარჩევნო გაერთიანება, მიუხედავად წარსულში მწვავე დაპირისპირებისა, დღეს პარტიის წარმომადგენლებისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.
ექს-პრემიერისა და ექს-ბანკირის ერთობის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვთ არჩევნების ბოიკოტში მყოფ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. "ნაციონალურ მოძრაობა" მათ საერთო მიზნების ღალატში ადანაშაულებს.
კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, "ლელოს" და გახარიას პარტიას "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიურ გაგრძელებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, ე.წ. დიფ სთეითის დავალებით "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი ამ ფორმით მიმდინარეობს, თუმცა შინაარსი აბსოლუტურად უცვლელია.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. "ლელო" და "საქართველოსთვის" ელექტორატს საერთო მერობის ან და ვიცე-მერობის კანდიდატებს სთავაზობს, ერთიანი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატების სიაც.