18 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
იმდენად დიდი გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა, ამ ვითარებაში, ჩვენთვის წარსულზე საუბარი მეორეხარისხოვანია - გიორგი შარაშიძე

ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა "ლელოსა" და გახარიას ერთობა, რომლებმაც გუშინ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

მმართველ გუნდში, დღეს, ის მწვავე შეფასებები და ბრალდებები გაიხსენეს, რომლებსაც ამ პარტიების წევრები ერთმანეთის მისამართით ჰკვეთებოდნენ. ამ ფონზე, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ორი პარტიის საარჩევნო ერთობა გარე ძალების დავალებაა. "ლელოსა" და გახარიას გუნდს მწვავედ აკრიტიკებენ ის პარტიებიც, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათთვის წარსულზე საუბარი მეორეხარისხოვანია.

"იმდენად დიდი გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა, ამ ვითარებაში, ჩვენთვის წარსულზე საუბარი და ვინ რას გვეძახდა ანაკლიის გამო, 20 ივნისის გამო და ა.შ., მეორეხარისხოვანია. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. დღეს, ჩვენი ქვეყანა არის გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, "ლელოს" და გახარიას პარტიას 26 ოქტომბრის ბრძოლა შუა გზაზე არ უნდა მიეტოვებინათ.

"მე აქამდეც არ მივიყვანდი საუბარს, მე მგონია, როდესაც პრინციპებზე ვსაუბრობთ, 26 ოქტომბერს დაწყებული ბრძოლა შუა გზაში არ უნდა მიეტოვებინათ და იმ თანმიმდევრულ პოზიციას უნდა გაჰყოლოდნენ, რაც 27 ოქტომბრის დილიდან გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა წარმატების გზა ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი მხარდამჭერებისთვის და პროდასავლური ამომრჩევლისთვის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები