18 აგვისტო 2026,   05:21
ვრცლად
საერთო ოპოზიციური გეგმის მიზანმიმართულ დაზიანებაში "ნაციონალური მოძრაობა" გახარიას გუნდისა და "ლელოს" საარჩევნო ალიანსს ადანაშაულებს

საერთო ოპოზიციური გეგმის მიზანმიმართულ დაზიანებაში "ნაციონალური მოძრაობა", გახარიას გუნდისა და "ლელოს" საარჩევნო ალიანსს ადანაშაულებს. ექსპრეზიდენტის პარტიაში, სადაც რევოლუციურ მიზნებზე ღიად საუბრობენ, ამტკიცებენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მეორე ოპოზიციური ფლანგის მონაწილეობის ტაქტიკა არაადეკვატური და ირონიულია.

გახარიას გუნდისთვის კი არაადეკვატური თავად "ნაციონალური მოძრაობის" გეგმებია. ექსპრემიერის პარტიაში ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ოპოზიციის რღვევაზე პასუხისმგებელი თავად ექსპრეზიდენტის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები არიან.

ბარიერგადალახულების დღის წესრიგი საინტერესო არ არის "გირჩისთვის", სადაც საარჩევნო მარათონისთვის დამოუკიდებლად ემზადებიან. დარწმუნებული არიან იმაშიც, რომ რეალობის შეცვლას ვერც გახარია-ხაზარაძის ალიანსი და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, რომელიც პოლიტიკური ველიდან მოქმედი და ყოფილი წევრებით, 5 ოქტომბერს გაქრება.

ოპოზიციურ პარტიებს მარცხს უწინასწარმეტყველებს სახელისუფლებო გუნდი, რომელიც დედაქალაქსა და ყველა რეგიონში აქტიურ საარჩევნო კამპანიას მართავს. "ქართული ოცნება", რომელიც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამბობს იმასაც, რომ უცხოური დაკვეთებით მოქმედმა სუბიექტებმა, პოლიტიკური პერსპექტივა უკვე დიდი ხანია დაკარგეს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარი რჩება. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.

დღის ამბები