18 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით შექმნილ ვიდეორგოლში ბექა კობახიძის გამოჩენა მმართველი გუნდისთვის მორიგი ორმაგი სტანდარტია

მმართველი გუნდი ევროკავშირის წარმომადგენლობას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. საუბარია მათ მიერ დაფინანსებულ ვიდეორგოლზე, რომელიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეხება და სადაც მთავარ სპიკერად ისტორიკოსი და აქტივისტი, ბექა კობახიძე მონაწილეობს.

რადიკალური პროცესების წახალისება, რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ღია მხარდაჭერა - ეს არასრული სიაა, რომლის ლობირებასაც, "ქართული ოცნების" მტკიცებით, ისტორიკოსი ცდილობდა. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მიდგომით ევრობიუროკრატები საზოგადოებაში სკეპტიციზმს აღვივებენ.

ბრალდებებს დღეს თავად ბექა კობახიძე არ გამოხმაურებია. ისტორიკოსის კვალიფიციურობაზე საუბარი და მისი პოზიციის დაცვა ხელისუფლების ოპონენტებს მოუხდათ. ოპოზიციაში არ უარყოფენ, რომ კობახიძე მათი პროტესტის სულისკვეთებას იზიარებს, თუმცა ამბობენ, რომ ორგანიზატორი არაა. ევროკავშირის კლიპში კი მხოლოდ აკადემიური ხარისხის გამო მოხვდა.

დემონსტრაციების პარალელურად, ბექა კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენეს დღეს "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო გუნდში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა ხშირ წახალისებაზე საუბრობენ. კობახიძის პერსონის სპიკერად წარმოჩენას კი, ევროპული ღირებულებებისგან ღიად გადახვევის მაგალითად მიიჩნევენ.

"უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ" - ამ სახელწოდებით შექმნილი ვიდეოების სერია ევროკავშირის წარმომადგენლობის დაფინანსებით იქმნება. ვიდეორგოლი, ბექა კობახიძის მონაწილეობით, სოციალურ ქსელში დღეს გამოჩნდა.

დღის ამბები