30 აგვისტო 2026,   20:16
ვრცლად
სხვისი ქონების დაუფლების მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - ბრალდებულებმა მოქალაქეს თბილისში მშენებლობის ნებართვის მიღებაში დახმარებისთვის 70 000 დოლარი გამოართვეს

სხვისი ქონების დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თბილისში, მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. დაკავებულებმა მას ასევე მოატყუეს, რომ ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალ პოზიციას იკავებდა. მათ დაზარალებულს 10 ათასი დოლარი წინასწარ გამოართვეს, დაკავება თანხის გადაცემისთანავე მოხდა.  

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გ.ლ. და შ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქ. თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა ქ. თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70 000 აშშ დოლარი.

2025 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით." - წერია განცხადებაში.

დღის ამბები