22 აგვისტო 2026,   06:57
ვრცლად
ნახევარი მილიონი დოლარი მაკკეინის ინსტიტუტს - მმართველი გუნდისთვის ორგანიზაციის განცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაზიანების მცდელობაა

ნახევარი მილიონი დოლარი მაკკეინის ინსტიტუტს - ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს თანხა პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს. საგრანტო პროექტში შეტანილია მზია ამაღლობელის საქმეც. ის ინსტიტუტმა ვენესუელელი ოპოზიციონერის - ხესუს არმასის, ბელარუსი აქტივისტის - მარია კოლესნიკოვას და ღაზაში ტყვეობაში მყოფ მძევალთა ჩამონათვალში შეიყვანა. მცდარ ინფორმაციას შორის არის ისიც, რომ ნიკა გვარამია თავისი რეპორტაჟებისთვის დააკავეს.

მაკკეინის ინსტიტუტის განცხადება მმართველი გუნდისთვის საქართველოს ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაზიანების მცდელობაა. კახა კალაძის თქმით, ვერც მზია ამაღლობელი ჩაითვლება პოლიტპატიმრად და ვერც ნიკა გვარამია, რადგან ორივე საქმე მტკიცებულებებით გამყარებულია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მათი დამსახურებაა. ამ ინფორმაციას უარყოფს სალომე ზურაბიშვილი.

ვისი დამსახურებაა ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება - საკითხმა სალომე ზურაბიშვილისა და მაკკეინნის ინსტიტუტს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მმართველ გუნდში კი გააჩინა ეჭვი, რომ გვარამიას შეწყალების დოკუმენტს ხელი ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის დავალებით და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მოაწერა.

კითხვის ნიშნები არ აქვს ოპოზიციას. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელიც და ნიკა გვარამიაც პოლიტპატიმრები არიან. მიხეილ სააკაშვილის პარტია კი, აქცენტს ყოფილ თანაგუნდელზე აკეთებს და ირწმუნება, რომ გვარამიას შეწყალებას მხოლოდ მაკკეინის ინსტიტუტი არ ითხოვდა.

კითხვები არც მზია ამაღლობელის და არც ნიკა გვარამიას საქმეში არ არსებობს მმართველი გუნდისთვის. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით კი, "ქართული ოცნების" შეფასებით, მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში რევოლუციური პროცესების გაღვივებას ცდილობს.

მაკკეინის ინსტიტუტმა ნახევარ მილიონიანი გრანტის მიღების შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

დღის ამბები