მომდევნო ორ კვირაში უკრაინის საკითხზე შესაძლოა ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. განიხილეს უკრაინის და რუსეთის პირველი პირების პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა შედგეს სამმხრივი მოლაპარაკება რუსეთის, უკრაინის და შტატების პრეზიდენტების მონაწილეობით.
როგორც მედია წერს, ტრამპს იმედი აქვს, რომ მსგავსი ფორმატით საუბარი აგვისტოს ბოლომდე შედგება. სანამ ვაშინგტონი პუტინის და ზელენსკის ერთ მაგიდასთან დასმას ცდილობს, ერთ მაგიდასთან უკვე ვიხილეთ შტატების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის პირველი პირები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი - ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ უკვე მაგიდასთან მყოფების მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარებაა. ისაუბრეს უკრაინის დახმარებაზე, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა უსაფრთხოების გარანტიისათვის უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, "ძალიან კმაყოფილია" შეხვედრის შედეგით, რომელმაც ლიდერებს შორის "ერთიანობის რეალური განცდა" აჩვენა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის გარეშე".
"როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებაზეც. ნამდვილად ვგრძნობ, რომ სწორი მიდგომით დღეს შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ტრამპის წინადადება ნატო-ს მეხუთე მუხლის სტილის გარანტიების შესახებ, შეესაბამება იმას, რაზეც "მსურველთა კოალიცია" თვეების განმავლობაში მუშაობდა", - განაცხადა კირ სტარმერმა.