პუტინის შემდეგ ზელენსკი - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ამჯერად ოფიციალურ კიევს ხვდება. მოლოდინი დიდია - ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების იმედით ჩავიდა. თუმცა, აქვს წითელი ხაზებიც - უკრაინის ტერიტორიების დათმობა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. პირისპირ შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეახსენა, რომ გარკვეული მოცემულობები არასდროს იცვლება. ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ობამას მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატო-ში ვერ შევა. შტატების სახელმწიფო მდივანმა კი მსოფლიო ლიდერებს "ეიბისის" ეთერიდან პირდაპირ უთხრა, რომ დათმობაზე რუსეთიც უნდა წავიდეს და უკრაინაც.
სანამ სამშვიდობო შეთანხმებაზე პუტინსაც დაითანხმებს და ზელენსკისაც, დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამდე განცხადებებს სოციალური ქსელით ავრცელებს. ამბობს, რომ 6 თვეში 6 ომი დაასრულა და ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ არ სჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე უშედეგოდ მუშაობდნენ. ტრამპი მათ სულელებს, 18 აგვისტოს კი დიდ დღეს უწოდებს.
აღმოჩნდება თუ არა დღევანდელი დღე ისტორიული, ეს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. თეთრ სახლში ვიზიტამდე კი ვაშინგტონში ჩასული ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგსაც შეხვდა. საუბრის შინაარსი უცნობია.
ზელენსკი ვაშინგტონში მარტო არ ჩასულა. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ამერიკაში მისი უპირობო მხარდამჭერები - ევროპელი ლიდერებიც გაემგზავრნენ. მსურველთა კოალიციის წევრები შეეცდებიან დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, რომ რუსეთი მსოფლიოს მშვიდობის სახელით კაპიტულაციას სთავაზობს.
რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები თეთრ სახლში, ჯერ უცნობია. დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ მასთან ჩასულ ევროპელ ლიდერებსა და ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება და პუტინის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს გააცნობს. მედიის ინფორმაციით, კრემლი დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობას ითხოვს, სანაცვლოდ კი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს, ასევე ფრონტის ხაზს გაყინავს ხერსონსა და ზაპოროჟიეში. დათანხმდება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას ომის დასრულების სანაცვლოდ, უახლოეს საათებში გაირკვევა - ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია.