18 აგვისტო 2026,   08:51
ვრცლად
ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა. ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება - რომან გოცირიძე

ტრამპი-პუტინის ალასკაზე გამართული შეხვედრა კვლავ შეფასებების თემაა. მას ეხმაურებიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. 

"ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა... დასავლური მედია, პოლიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის, რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა. ზელენსკი, რა თქმა უნდა, ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება" - წერს აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას რომან გოცირიძე.

"ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა:

უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი. 2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები.

სანაცვლოდ რუსეთი არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით "მიიერთა", ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა.

მაშ სადაა გაცვლა? პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების( ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასც კი არ აპირებს.

საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში.

დასავლური მედია, პოლიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის, რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა.

ზელენსკი, რა თქმა უნდა, ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება.

დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ", - წერს რომან გოცირიძე.

დღის ამბები