22 აგვისტო 2026,   09:27
ვრცლად
"საქართველო აღმოუჩენელი სამოთხეა, ქართული სამზარეულო კი უბრალოდ დაუჯერებელია" - ინდოელი ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის - Think Strawberries წარმომადგენლებს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში, საქართველოს 5 ინფლუენსერი ეწვია. ინდოელ მოგზაურ ინფლუენსერებს Instagram-ში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისი, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ინფლუენსერები ასევე ბორჯომს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პალიასტომის ტბას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმესა და ქუთაისს ეწვივნენ. ტურის მონაწილეები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოსტებს, რილსებს, სთორებსა და ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა.

კამპანიის მიზანი, ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ცნობადობის ამაღლებაა.

"საქართველოს კულტურასა და სხვადასხვა ქალაქებს ვეცნობი. გეტყვით რა არის ჩემი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე, ის საოცარი ბუნებრივი სილამაზის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და  რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადამიანების ქვეყანაა. საქართველოში საოცრად სტუმართმოყვარეები არიან. მოვუწოდებ ინდოელ მოგზაურებს, რომ ესტუმრონ საქართველოს, დააგემოვნონ ქართული სამზარეულო, გაეცნონ  კულტურულ მემკვიდრეობას  და საოცარ ბუნებას. ჩემი საყვარელი ქართული კერძებია ხაჭაპური, ფელამუში და ფხალი.ამ კერძში მრავალი მწვანილი და ბოსტნეულია. ჩვენ ვეწვიეთ ბათუმს, ბორჯომს. დავეშვით ზიპლაინზე და რაფტინგშიც მივიღეთ მონაწილეობა. საქართველო გამორჩეულია კულტურით, სამზარეულოს მრავალფეროვნებით, მემკვიდრეობითა და თავგადასავლებით", - ამბობს ინფლუენსერი და მსახიობი რაჯ ანარკეტი.

"ჩემი კონტენტი მდიდრულ საოჯახო მოგზაურობას მოიცავს, გამოვარჩევდი ხაჭაპურს, სხვადასხვა სახეობებით, ფხალს, ხინკალს. ქართული კერძები მართლაც შთამბეჭდავია და მსოფლიოს ჯერ კიდევ არ აქვს ეს აღმოჩენილი. ვფიქრობ, ინდოეთში ქართული რესტორანი გავხსნა, ისე მომეწონა თქვენი კერძები. რაც შეეხება თავგადასავლებს, საქართველო მზადაა უამრავი ტურისტი მიიღოს, მოგზაურებს აქ ელოდებათ მრავალფეროვანი ბუნება. პლაჟებიდან მთებამდე, შავი ზღვის სანაპიროები, ზიპლაინი ზღვაზე, მდინარეებზე რაფტინგი - ეს ყველაფერი ნამდვილი საოცრებაა", - აღნიშნავს ინფლუენსერი ჰარჯინდერ სინგ კურეჯა.

დღის ამბები