თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატი პოლიტიკური ამბიციების გარეშე - ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ კონკურენტი არ ჰყავს, თუმცა მასთან ერთად არაერთხელ გაჟღერდა მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ორივეს ერთად კი, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ბლოკავს - "ლელოს" საარჩევნო პარტნიორი, რომელმაც ამის გამო, მემორანდუმის ხელმომწერები ბერლინშიც დაიბარა. ექსპრემიერის გუნდი დღის წესრიგიდან არ ხსნის გიორგი შარაშიძის ვერსიას. საერთო კანდიდატზე შეთანხმების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილეები, საერთო პოზიციაზე ვერ თანხმდებიან. ამ ფონზე, ელისაშვილი ამბობს, რომ ბრძოლას აპირებს.
სამუშაო შეხვედრები აქვს "ლელოსაც", რომელიც ვერც გახარიასთან შეთანხმდა და ვერც პარტიის შიგნით. გავრცელებული ცნობით, კიდევ ერთი დაპირისპირება ხაზარაძის გუნდში პროპორციულ სიებს ეხება. ვინ იქნება სიის პირველი ნომერი? - ლანა გალდავა თუ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სურვილი ორივეს აქვს, თუმცა პოლიტსაბჭო არჩევანს ვატო სურგულაძეზე აკეთებს, რომელიც თავის მხრივ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამას თავად სურგულაძე ადასტურებს, თუმცა "ლელოს" სხვა წევრების მსგავსად უარყოფს, რომ პარტიაში სიებზე დაპირისპირებაა.
ვინ იქნება საუკეთესო დესტაბილიზატორი - მმართველი პარტიის შეფასებით, ოპოზიციურ ფლანგზე, კანდიდატებს შორის შეჯიბრება ამ მიზანს უკავშირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მემორანდუმის ძალით დამეგობრებული ხაზარაძე-გახარიას პარტიები რეალურად არა საერთო კანდიდატს, არამედ საერთო გეგმის უკეთ შემსრულებელს ეძებენ.
წინასაარჩევნო დრამა თუ თვითდაზიანების რეჟიმი? - საარჩევნო პარტნიორებს შორის შეუთანხმებლობას რადიკალურად განსხვავებულად აღიქვამს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და "გირჩი", რომელიც ახლა საკუთარი კანდიდატების შერჩევის პროცესშია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ელექტორატის ნებას მათი ოპონენტები ვერც არჩევნებში მონაწილეობით ასრულებენ, რადგან მითითებებს ქვეყნის გარედან იღებენ. მათი თქმით, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ არჩევნებამდე თვე ნახევრით ადრე, ოპოზიციას ქვეყანაში საარჩევნო კამპანია არ დაუწყია. კანდიდატებზე შეუთანხმებლობა კი არ უკვირთ, რადგან ამბობენ, რომ "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმიც ფასადურია.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ დრომდე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელებული მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ჰყავს. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით კი, ჯამში 14 პარტია დარეგისტრირდა.