22 აგვისტო 2026,   02:13
ვრცლად
"კურიერის" მიერ მოპოვებული ფოტო მასალიდან ჩანს, რომ "ლელოს" გენერალური მდივანი, გიორგი გახარიას მოთხოვნით გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა - საიდუმლო შეხვედრის დადასტურება დღეს ორივე პარტიაში მოუწიათ

ბერლინში გადაღებული ფოტოებით "კურიერის" ინფორმაცია დადასტურდა. ექსკლუზიურად მოპოვებული მასალიდან ჩანს, რომ "ლელოს" გენერალური მდივანი, გიორგი გახარიას მოთხოვნით გერმანიის დედაქალაქში ჩავიდა. ბერლინში, ერთ-ერთ კაფეში ირაკლი კუპრაძე გახარიას და მისი პარტიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა. ფოტოებში ჩანს, რომ ბერდია სიჭინავას გარდა, საიდუმლო შეხვედრას კიდევ ერთი პირი ესწრება.

საიდუმლო შეხვედრის დადასტურება დღეს ორივე პარტიაში მოუწიათ. ირაკლი კუპრაძემ ვეღარ უარყო, რომ გიორგი გახარიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგანგებოდ შეხვდა. საუბრის თემა კი თვითმმართველობის არჩევნები იყო. "ლელოს" გენერალური მდივნის თქმით, გერმანიაში გახარიას გარდა ევროპელ პოლიტიკოსებსაც შეხვდა. ექსპრემიერის გუნდში ვიზიტით კმაყოფილი არიან. ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ორივე პარტია შეძლებს შეთანხმებას და მერების საერთო კანდიდატებზე შეჯერებას.

"კურიერის" ინფორმაციის დადასტურებამდე, გახარიასა და ხაზარაძის პარტიებში დაბნეულობა იყო. ჯერ კიდევ გუშინ, "ლელოში" ამტკიცებდნენ, რომ გენერალური მდივნის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდნენ, გახარიას გუნდში კი გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე მტკიცებულებად დამადასტურებელ მასალას ითხოვდნენ.

ბერლინში გამართული შეხვედრა მხოლოდ პარტიის ლიდერებს შორის კომუნიკაციას სცდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გერმანიის დედაქალაქში ფარული ვიზიტით დასტურდება, რომ ოპოზიციის
უმრავლესობა გადაწყვეტილებებს გარე ძალების მითითებით იღებს.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს ამტკიცებს, რომ ბერლინში გამართული შეხვედრა მათთვის საინტერესო არ არის. სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თვითდაზიანების რეჟიმში არიან. პარტია "გირჩს" კი სწორედ სააკაშვილის მართვის სტილს ახსენებს უცხოეთში პოლიტიკოსების დაბარება.

ოპოზიციას მორიგ ჯერზე წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებენ მმართველ
პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები მარცხისთვის არიან განწირული.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 51 დღე რჩება. "ქართული ოცნების" გარდა, ამომრჩევლისთვის კანდიდატები ჯერ არცერთ სხვა პარტიას არ წარუდგენია.

დღის ამბები