22 აგვისტო 2026,   02:15
ვრცლად
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ იმ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც არის ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ევროპულობის ნასახიც კი და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი - არჩილ გორდულაძე

მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, ჩაატაროს პლებისციტი და გაიგოს რეალურად რა არის ხალხის დაკვეთა.

"ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება", - ნათქვამია "ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.

ოპოზიციის ნაწილი იზიარებს ბრიუსელის პირობას და აცხადებს, რომ კანონების შინაარსი ფუნდამენტურ აცდენაშია ევროპულ კავშირთან, განსხვავებულია შეფასებები მმართველ გუნდში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც არის ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ევროპულობის ნასახიც კი და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი.

"საქართველოს ევროატლანტიკური კურსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეა. საქართველოს აქვს კურსი, რომელიც არ არჩეულა ერთი ან ორი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ იმ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიც არის ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ევროპულობის ნასახიც კი და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ პირდაპირ არის გავლენის ქვეშ ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი და გადაწყვეტილებებიც მიიღება ზუსტად იმ გლობალური ძალების დაკვეთით, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ და რომლებსაც "დიფ სთეითს" თუ "გლობალური ომის" პარტიას ვუწოდებთ. ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროკავშირს და მეორე მხარეს რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის უმნიშვნელოვანესია, ჩანასახშივე ერთი დიდი ბლეფია და მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას. იმიტომაც არის, რომ მათვე დაკვეთილი კვლევებითაც კი, ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა უფრო და უფრო იკლებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები