სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ადგილზე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ტარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
სტუმრებს დღესასწაული მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და პატრიარქის მოსაყდრემ.
აქცენტი გაკეთდა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ისტორიულ გზაზე, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზე - ქვეყნის ბრძოლაზე გამთლიანებისა და დამოკიდებულობისთვის.
როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრიობის აღმავლობის სიმბოლო.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევას.
დღეს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - დიდგორის ომში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს.
დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრიობის აღმავლობის სიმბოლო. როგორც ბრძანა პრემიერმა, დღეს ჩვენ მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება.
როგორც ამბობს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს პატრიარქი, ილია II, ჩვენ უნდა ვიცავდეთ, ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენს წილ საქართველოს. ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც, ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს.
დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა, ის გაგრძელდება, სანამ ჩვენ ვარსებობთ და ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვებაც", - განაცხადა მეუფე შიომ.