პრემიერ-მინისტრისთვის სიცრუეა ის ინფორმაციაა, რომელსაც "ლელოს" ლიდერი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ავრცელებს. მამუკა ხაზარაძეს მთავრობის მეთაური დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში ამხელს.
"ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში ხელი "ქართული" ოცნების ხელისუფლებამ შეუშალა. პრემიერი საპირისპირო არგუმენტებზე აკეთებს აქცენტს. ირაკლი კობახიძე ხაზარაძეს პარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟების გადაწყვეტილებას და ხელისუფლების დამოკიდებულებას ახსენებს.
პატიმრობაში მყოფმა ხაზარაძემ ანაკლიასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პროექტის ჩაგდებაში "ლელოს“ ლიდერმა "ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და მიზანმიმართულ ხელის შეშლაზე ისაუბრა. ლიდერის პოზიციას მისივე თანაპარტიელები იზიარებენ - ამტკიცებენ, რომ პროექტის განუხორციელებლობა ხაზარაძე-ჯაფარიძის პასუხისმგებლობა არ არის, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ამბობენ, რომ საერთაშორისო ბიზნეს დავასთან მათ ლიდერებს კავშირი არ აქვთ.
"ლელოს" ლიდერების და მათი თანაპარტიელების პოზიციისგან განსხვავებულია ვაშინგტონის არბიტრაჟის ბოლო გადაწყვეტილება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნეს დავების საერთაშორისო ტრიბუნალმა ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობაში სრულად ხაზარაძე-ჯაფარიძის და მათი პარტნიორის პასუხისმგებლობა დაადგინა და სახელმწიფოს მხრიდან ნეგატიური ჩარევა გამორიცხა. გადაწყვეტილების მიხედვით, პროექტის დაფინანსების ვალდებულება ინვესტორს ეკისრებოდა, რომელმაც საჭირო სახსრები საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია. მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა კი კანონიერი იყო. ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის ფარგლებში, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი, ბობ მეიერი საქართველოსგან 64 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა, არბიტრაჟმა თავად მას დააკისრა საქართველოსთვის ექვს-ნახევარი მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ახლა ხელისუფლება არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება.
საარბიტრაჟო დავების განხილვაში ოპოზიციის ნაწილი არ შედის. "ნაციონალურ მოძრაობა“ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ანაკლიის პროექტი მათი იდეის - ლაზიკის სახეცვლილი ვერსია იყო.
ანაკლიის პორტის პროექტის მომავალთან დაკავშირებით ხაზარაძის განცხადებები მმართველი პარტიისთვის დეზინფორმაციასთან ერთად დემაგოგიურიცაა. "ქართული ოცნების" განცხადებით, პარიზის შემდეგ, ახლა უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟში წაგებულმა დავამ აჩვენა, რომ დასავლური პროექტის შეჩერებაზე საუბარი სიცრუე იყო.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-მეიერმა ანაკლიის პორტის საქმე უკვე ორ საერთაშორისო არბიტრაჟში წააგეს. პარიზისა და ვაშინგტონის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ქართულმა სახელმწიფომ 7 მილიონ დოლარზე მეტი უნდა მიიღოს.